X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციები კონკურსში მონაწილე კომპანიებმა საჯაროდ წარადგინეს

23 ოქტომბერი 2020

წყალტუბოში კურორტის გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო წინადადებების საჯარო პრეზენტაცია გაიმართა.

საკონკურსო კონცეფციები საზოგადოებას გააცნეს  წყალტუბოს განვითარებისათვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებაზე  გამოცხადებული კონკურსის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა.

მათ საზოგადოებას წარუდგინეს კურორტის განვითარების  ძირითადი მიმართულებები და საპროექტო ჯგუფების უცხოელი ხელმძღვანელების გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე ისაუბრეს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სექტემბერში გამოცხადებულ კონკურსში წინადადებები  სამმა კომპანიამ - შპს „ბაუ დიზაინმა“, შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეორგაფიკმა“ და შპს „არტსტუდიო-პროექტმა“ წარადგინა.

წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, კონკურსში გამარჯვებული კომპანია წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციას ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში შეიმუშავებს. 

წყალტუბოს გენგეგმით უნდა განისაზღვროს ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას  და  ქალაქს  ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს. 

გამარჯვებული კომპანიის მიერ შესრულებული გენგეგმა დაადგენს, თუ  რა მოცულობის მშენებლობის განხორციელებაა შესაძლებელი წყალტუბოს  ცენტრალურ ზონაში. იმ ტერიტორიაზე, სადაც განლაგებულია ძირითადი საინვესტიციო პროექტები -  ძველი სანატორიუმები, რომლებიც საპრივატიზაციო ნუსხაში დასახელდება. ამის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო  საპრივატიზაციო წინადადებებს  გენგეგმის ავტორებთან და საპროექტო ჯგუფებთან ერთად  მოამზადებს.

წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მოსამზადებელად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წლის დეკემბერში გამოცხადებული კონკურსი შეწყდა, ვინაიდან მასში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდენტმა კურორტის უნიკალური პოტენციალის შესაფერისი ხედვა ვერ წარმოაჩინა.